აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის წევრები წყალტუბოელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ ინფორმაციას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და EEU-ს სპეციალური შეთავაზებების შესახებ. აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური აქტივობებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა, რომელმაც ახალგაზრდების განვითარებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობის აუცილებელობაზე ისაუბრა და ასევე, შეხვედრის მონაწილეებს წყალტუბოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრას, რომელიც წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრში გაიმართა, 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა წელს აბიტურიენტებს წარუდგინა რვა აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი), საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-ფრანგული პროგრამა (ინგლისურენოვანი), დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი). აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე ახალგაზრდებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.