საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლიდან დღემდე”.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ და გაცვლით პროგრამებში, საუნივერსიტეტო დაფინანსებით მიიღებენ მონაწილეობას. მათ ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით, დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტაჟირება გაიარონ.