აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2019 წლის 30-31 ოქტომბერს Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საკონტაქტო სემინარში მონაწილეობდა. სემინარს ევროპის 11 ქვეყანის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი) 46 უნივერსიტეტისა და საქართველოს 44 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო საკონტაქტო სემინარზე ქართველმა და ევროპელმა კოლეგებმა Erasmus+-ის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
Erasmus + საერთაშორისო საკონტაქტო სემინარის პირველ სამუშაო დღეს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ირინა აბულაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა კარლ ჰარცელმა. ასევე, ევროპის 10 ქვეყნის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი) წარმომადგენელმა წარმოადგინა მოხსენება Erasmus+ ფარგლებში საქართველოსთან არსებული და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, მათი უნივერსიტეტებისა და ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
Erasmus+ საერთაშორისო საკონტაქტო სემინარის მეორე სამუშაო დღეს გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის. საკონტაქტო სემინარის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს ათამდე შეხვედრა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, Erasmus+ ფარგლებში გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და ერთობლივი საგრანტო პროექტების წარდგენაზე. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აფართოვებს საერთაშორისო პარტნიორულ ქსელს და განაგრძობს მუშაობას ახალ პარტნიორებთან, რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტსა და აკადემიურ, თუ ადმინისტრაციულ პერსონალს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო პროექტებში.