უპრეცედენტო სოციალური პროექტის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გახლავთ, რომელიც აღნიშნულ პროექტს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა EMIS-თან ერთად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტირებულ 600 აბიტურიენტს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, 2 თვის განმავლობაში უწყვეტი ინტერნეტით უზრუნველყოფს და ასევე, სთავაზობს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს სამ საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. აღნიშნულ საგნებს დაინტერესებული პირები ორი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ, დისტანციურად გაივლიან Microsoft teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა EMIS-ის მიერ 3000-ზე მეტ აბიტურიენტს უკვე გადაეგზავნა შეტყობინება სარეგისტრაციო ბმულის თანხლებით. სწორედ აღნიშნული ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში და მათემატიკაში, რომელიც 25 მაისს დაიწყება დისტანციურ ფორმატში გაიარონ.
💻 აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც რთული მატერიალური პირობების ან სხვა ტექნიკური პრობლემების გამო შეზღუდული აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადებას. პროექტის მონაწილეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტი ინტერნეტის მეშვეობით, შეფერხების გარეშე მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
პროექტი ხორციელდება სატელეკომუნიკაციო ოპერატორი “სილქნეტის” მხარდაჭერით.
🔜 ორგანიზატორები მიესალმებიან, რომ განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და ინსტიტუციები, შემოუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას, რათა ერთიანი ძალისხმევით, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა, რომელსაც რელურად გამოიყენებს.