პროექტის აღწერა: რუსეთის იმპერიის კოლონიური მმართველობის პერიოდში ქართული სახელმწიფოებრიობის შესახებ დისკურსი იმპერიული მმართველობის მხრიდან შეტევის სამიზნედ იქცა. ოფიციალური მმართველობა ავრცელებდა და განამტკიცებდა დომინანტურ დისკურსს, რომელიც რუსეთის იმპერიას კავკასიაში მშვიდობის დამამკვიდრებელ ძალად წარმოაჩენდა. აღსანიშნავია, რომ ამ დისკურსს ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა. თუმცა, არსებობდა ალტერნატიული დისკურსიც, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე მიუთითებდა და ფართო ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მოთხოვნაში პოულობდა გამოხატულებას. ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხი იმთავითვე დაკავშირებული იყო ქართველი ერის საკითხთან, რომელიც გულისხმობდა შემდეგ საკითხებზე პასუხების გაცემას: რა არის ერი? ვინ შედის (და ვინ არ შედის) ქართველ ერში? რა მიმართება უნდა იყოს ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს შორის? საბჭოთა ოკუპაციის პირობებში აღნიშნულმა საკითხებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინეს. ანტისაბჭოთა დისკურსის ამოქმედება დიდწილად, სწორედ ამ ალტერნატიული დისკურსების არსებობას უკავშირდებოდა. ამავე დროს, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა დემოკრატიის საკითხი. რა არის დემოკრატია? როგორ უნდა განვითარდეს ის სახელმწიფოში და რა ფუნქცია აკისრია ამ პროცესში ერს? – XX -ის 80-იანი წლების ბოლოდან, კავკასიის რეგიონში მზარდი ეთნიკური დაპირისპირებების ფონზე, აღნიშნულ კითხვებზე პასუხების ძიების საჭიროება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პროექტის მიზანია, გააანალიზოს სახელმწიფოს, ერის და დემოკრატიის შესახებ არსებული განსხვავებული დისკურსები კოლონიურ და პოსტკოლონიურ/პოსტსაბჭოთა პერიოდებში, ასევე, ამ დისკურსების ცვლილება და მათი რეცეფცია თანამედროვეობაში. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება როგორც ცალკეული მოაზროვნეების (ილია ჭავჭავაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, არჩილ ჯორჯაძე, მერაბ მამარდაშვილი და სხვ.) ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ასევე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული დისკურსები (ერი, დემოკრატია, სახელმწიფო და სხვ.).
სამუშაო ჯგუფი: გიორგი თავაძე, ვლადიმერ ლიპარტელიანი, ირაკლი ჩხაიძე