ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებენ.
პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა, თუმცა, ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტები.
შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე.
შეჯიბრის ენა: ქართული
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ შემდეგი ეტაპების გავლა:
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
- წერილობითი პოზიციის წარმოდგენა;
- შესარჩევი რაუნდი;
- ფინალური ეტაპი.
შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:
- პროექტის ზეპირი რაუნდის მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სიმბოლური საჩუქარი
შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდებიან შემდეგი სახის გამარჯვებულები:
- ფინალში გამარჯვებული გუნდი;
- საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი;
- საუკეთესო მომხსენებელი.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2022 წლის 13 მარტისა (23:59 სთ)
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/366PUZM