აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის-Advance HE წევრი გახდა. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. Advance HE მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს გააუმჯობესოს უმაღლესი განათლება და უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს აძლევს უნივერსიტეტებს, მის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.
დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია – Advance HE მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ფართო და ყოვლისმომცველი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 400-მდე წევრ ორგანიზაციას, მათ შორის კვლევით ცენტრებს დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.
Advance HE შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს წევრ უნივერსიტეტებს მსოფლიოში წამყვან სერვისებზე წვდომით. ამასთან ერთად, ხელს უწყობს მათ ტრანსფორმაციას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით; ერთობლივ პროექტებში, ღონისძიებებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობით, რათა გახდნენ შრომის ბაზარზე ყველაზე მაღალკონკურენტულნი. ასევე, უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობებს პერსონალის პროფესიული განვითარებისა და აღიარებისთვის (Associate, Senior, Principal, Fellowship of HEA), უნივერსიტეტების მდგრადი განვითარებისა და ორგანიზაციის სტრატეგიული ტრანსფორმაციისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აღნიშნული წარმატება ქვეყნის განათლებისა და კვლევის საერთაშორისო დონეზე აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისაკენ.