აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით 2024 წლის 22 მარტს EEU-ს დიდ საკონფერენციო დარბაზში (N 401) გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ–პანდემიურ პირობებში’’.
ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში – პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.
კონფერენციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი მიესალმნენ.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს EEU-ს განათლების მეცნიერებებისა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.
კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სასკოლო სახელმძღვანელოები, საგნის სწავლებისას ცოდნის ტრანსფერის უნარის გამომუშავებასთან დაკავშირებული სირთულეები, ონლაინ სწავლა-სწავლების პერსპექტივები და გამოწვევები, თვითმმართველობები, სოციალური მუშაკების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური თავისუფლება, ონლაინ ვაჭრობის გამოწვევები, მცირე და საშუალოო ბიზნესის შესაძლებლობები, სამშენებლო პროექტებში რისკების მართვა და ა.შ.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა მაღალი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტების, ისე დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რაც გამოიხატა დისკუსიებით, რომელებიც გაიმართა თითოეული მოხსენების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე დაისახა გეგმა, რომ მსგავს დისკუსიებს აქტიური ხასიათი (სემინარების სახით) მიეცეს, რომელშიც ჩართვასაც შეძლებენ, როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.
კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/AGENDA-final.pdf
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებულის სახით.