პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის და EEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
გივი მიქანაძემ სტუდენტებს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ახალგაზრდებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სტაჟიორებს საჯარო უწყებებში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.
საერთაშორისო საპარლამენტო ურთიერთობებზე საუბრისას გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვატიკანსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზე და სტუდენტებს მემორანდუმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის გაფორმდება. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, ქართველი მეცნიერების და მკვლევარებისთვის გაიხსნება ვატიკანის ბიბლიოთეკის საცავები და მათ შესაძლებლობა ექნებათ კვლევითი საქმიანობა განახორციელონ.
ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სტრუქტურასა და საქმიანობაზე ესაუბრა გიორგი ჩაკვეტაძე.
დეპუტატმა სტუდენტებს კომიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი თემატური მოკვლევის, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებისა და საზედამხედველო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.