აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტისა და სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ინიციატივით მიმდინარე წლის 6 ივლისს დოქტორანტთა რიგით მეორე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებდნენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების გაუმჯობესებასა და პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას. ღონისძიებამ ხელი შეუწყო განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.
კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და EEU-ს სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ გიბსმა.
მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ,,მეცნიერების პოპულარიზაციის’’ პროგრამის კონსულტანტი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ აზნაურაშვილი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 10 სხვადასხვა კერძო და საჯარო უნივერსიტეტის 25-ზე მეტი დოქტორანტი. ღონისძიება მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:
- განათლება, სოციალური მეცნიერებები და ჯანდაცვა (მოდერატორები: პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი, ასოც. პროფ. ქეთევან აფთარაშვილი)
- ბიზნესი, სამართალი და მეცნიერება (მოდერატორები: პროფ. ვასილ კიკუტაძე, ასოც. პროფ. ზურაბ აზნაურაშვილი, პროფ. დავით სიხარულიძე)
კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებიც მიმართული იყო დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ: მათ შორის, ეფექტიანი კომუნიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია, აკადემიური წერის უნარები და კარიერული განვითარება. აქტივობების ფარგლებში დოქტორანტებმა მიიღეს ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და დოქტორანტთა პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალების (2023) კრებული, რომელიც აერთიანებს 2023 წლის 2 სექტემბერს გამართულ დოქტორანტთა პირველ ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს. ამავდროულად დაანონსდა დოქტორანტთა მე-2 სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სამეცნიერო შრომების კრებულის გამოცემა პროფესორ პოლ გიბსისა და ასოცირებული პროფესორის, ქეთევან აფთარაშვილის რედაქტორობით.
კონფერენციის დღის წესრიგი იხ. ბმულზე
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
- ქეთევან აფთარაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი)
- მარიამ ლიკლიკაძე (წევრი, EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი)
- რუსუდან ჩერქეზიშვილი (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის კოორდინატორი)
- ანი ყველაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის კოორდინატორი)