2025 წლის 5 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა ვორქშოპი თემაზე: „კვლევითი შესაძლებლობების განვითარება: მეთოდოლოგიური სიზუსტიდან საერთაშორისო პუბლიკაციამდე“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა დოქტორანტებისთვის კვლევითი უნარების გაღრმავებასა და საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების გაცნობას.
ვორქშოპს უძღვებოდა ლუიზ დელინგუოთერი – EEU-ს პროფესორი, განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი.
სპიკერმა მონაწილეებს გააცნო თანამედროვე კვლევით პროცესში მეთოდოლოგიური სიზუსტის, ხარისხობრივი კვლევის დიზაინის, მონაცემების ანალიზისა და საერთაშორისო პუბლიკაციებისათვის სტანდარტების მნიშვნელობა.
ლუიზ დელინგუოთერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- კვლევითი კითხვების ფორმულირება და კონცეპტუალური ჩარჩოს მნიშვნელობა;
- თვისებრივი და რაოდენობრივი მიდგომების გამოყენების ტენდენციები;
- ნიმუშის შერჩევის სტრატეგიები და მონაცემთა ტრიანგულაცია;
- ეთიკის სტანდარტები, მონაცემთა სანდოობა და გამჭვირვალე კვლევითი პროცესი;
- რეკომენდაციები ხარისხიანი საერთაშორისო პუბლიკაციის მოსამზადებლად.
ვორქშოპის ფარგლებში აუდიტორიას მიმართა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელმა დავით სიხარულიძემ, რომელმაც მიმოიხილა რაოდენობრივი კვლევის მნიშვნელობა სადისერტაციო ნაშრომის მომზადების პროცესში.
ვორქშოპს ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი, EEU-ს დოქტორანტები და სადოქტორო პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური პერსონალი.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები კვლევის დაგეგმვის, შესრულებისა და შედეგების ეფექტიანად წარმოდგენის შესახებ.












