აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საერთაშორისო ფორუმი იმართება. აღნიშნული ფორუმი ტარდება საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (PDPOA)ორგანიზებით, ევროპის მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ფედერაციასთან (EFDPO) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის „სახელმწიფოსა და სამართლის კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციებსა და დარგის ადგილობრივ წარმომადგენლებს. ფორუმში მონაწილეობას ღებულობს საფრანგეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციების თავმჯდომარეები, საქართველოდან საჯარო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანია, განხილული იქნას და გაზიარებული საჯარო ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის სამეცნიერო და პრაქტიკული ასპექტები, ამასთან ერთად, ხელი შეუწყოს როგორც საქართველოს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გააზრებას, პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა-განვითარებასა და ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
ფორუმი ტარდება ორი დღის განმავლობაში და იხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა:
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
- მონაცემთა დაცვის რეგულაციები და ინტერესთა კონფლიქტი;
- მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო;
- ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოების საკითხები ოფიცრის საქმიანობაში.


