აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალების გამო.
განუზომელია ილია II-ის ღვაწლი საკუთარი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, მან ნახევარსაუკუნოვანი მსახურებით ფასდაუდებელი ამაგი გასწია ერის სულიერი აღორძინებისა და საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების ისტორიულ საქმეში.
უნდა ითქვას, რომ მისი გარდაცვალებით ეპოქალური პიროვნება დააკლდა როგორც ქართულ საზოგადოებას და მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროს.
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გულწრფელად ვუთანაგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეულ წევრს და ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ში სულიერ მამასა და წინამძღოლს ხედავდა.
საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდროს უფალმა მის უკვდავ სულს და ზეციური საქართველოდან შეეწიოს ჩვენი პატრიარქის ლოცვა მის სულიერ შვილებს, ემსახურონ ღირსეულად საკუთარ ქვეყანას და მართლმადიდებელ ეკლესიას.


