ღონისძიება გახსნა ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ვასილ კიკუტაძემ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობას სტუდენტთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული განვითარების პროცესში.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებში კარიერული ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ კარიერულ შესაძლებლობებს, დასაქმების პროცესსა და პროფესიული განვითარების ეტაპებს.
მომხსენებლებმა – ეთუნა ქობალიამ, შერჩევის სამსახურის უფროსმა და თამარა ჭანტურიშვილმა, კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა – აუდიტორიას გააცნეს ორგანიზაციაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის პრაქტიკული ასპექტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ EEU-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და დაემყარებინათ უშუალო კომუნიკაცია საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან. მონაწილეთა ნაწილმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციაც გააზიარა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მოკლე ინტელექტუალური ქვიზი, რის შემდეგაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ დამსწრე სტუდენტებს.
შეხვედრა წარიმართა საქმიან და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოში. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში კარიერული განვითარების პერსპექტივებს.


















