მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, შვეიცარიაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და მისი საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით გაიმართა მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2026) „ციფრული და ხელოვნური ინტელექტის მენეჯმენტი – სამეცნიერო კვლევა და მისი პრაქტიკაში დანერგვა“.
ISPC 2026-ის ორგანიზატორები იყვნენ:
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) – საქართველო;
- გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტი (IU) – გერმანია;
- ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი (ECI) – გერმანია;
- ადელფის უნივერსიტეტი (AU) – აშშ;
- ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტი (FHNW) – შვეიცარია.
კონფერენციას ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება გახსნა კონფერენციის ხელმძღვანელმა, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რიჩარდ გაიბელმა.
ჰიბრიდულ ფორმატში გამართულმა კონფერენციამ 10 თემატური სესია გააერთიანა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების 100-მა წარმომადგენელმა, მათ შორის მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, წარმოადგინეს კვლევები ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და პრაქტიკული შესაძლებლობების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები საუკეთესო მოხსენებისა და ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციებში.
საუკეთესო ნაშრომის ჯილდო (Best Paper Award) მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, თამთა ლეკიშვილის სამეცნიერო ნაშრომმა: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნარჩენების მართვის სტრატეგიული ჩარჩოები ჭკვიანი ქალაქის კონტექსტში: თბილისის მაგალითი“ (Strategic Waste Management Frameworks using AI in Smart City Context: A Case Study of Tbilisi). თამთა ლეკიშვილი სამეცნიერო ხარისხისა და ღირებული კვლევითი წვლილისთვის დაჯილდოვდა თემატურ სესიაში „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჭკვიანი ქალაქები და ფინანსური ინტელექტი“.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თათია ღერკენაშვილმა, რომელიც თემატური სესიის – „ციფრული განათლება, უნარები და ინტერნაციონალიზაცია“ – მოდერატორი იყო. სამეცნიერო დისკუსიების წარმართვისა და მკვლევრებს შორის პროფესიული დიალოგის ხელშეწყობისთვის მას კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით სპეციალური მადლობის სერტიფიკატი (Certificate of Appreciation) გადაეცა.
უნივერსიტეტის წარმომადგენელთა კვლევითი მიღწევები და საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს EEU-ს კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის განვითარებისადმი ერთგულებას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი 100 სამეცნიერო ნაშრომიდან სამეცნიერო კომიტეტმა გამოსაქვეყნებლად 62 ნაშრომი შეარჩია, რომელთა გამოცემაც 2027 წლის ბოლოს, Scopus-ში ინდექსირებულ Springer Proceedings-ში იგეგმება.

















