მიმდინარე წლის 6 მაისს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა ევროპის კვირეულს. ღონისძების ფარგლებში გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე, გაშენდა დიპლომატიური ხეივანი და გაიმართა წიგნის „კომპასი – სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში“ პრეზენტაცია. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ჩეხეთის, რუმინეთის, უნგრეთის, პოლონეთის ელჩები და საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები.