სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ,,აგრობიზნეს მენეჯმენტის" პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე, აგრო სექტროში არსებული კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროგრამით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული ცოდნის ამაღლებას და განვითარებას, სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე წარჩინებული კურსდამთავრებულების სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროექტის – „განათლება, კვლევა და ბიზნესი, დასაქმებისა და განვითარებისათვის" მიზანი სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, აგროსექტორში უმაღლესი განათლების პროგრამის შექმნა, კვალიფიციური მენეჯერების მომზადება და მათთვის დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზებაა.
აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა 2 წლიანია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები აგრობიზნესის მართვისა და შეფასების მიმართულებით საფუძვლიან ცოდნას მიიღებენ და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი ეფექტიანად გამოყენების უნარებს გამოიმუშავებენ.
აგრობიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხება.