ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევით ერთეულს. ცენტრის მიზნებია:
- ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა;
- ინტერდისციპლინურ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა ჩართულობის მხარდაჭერა.



ცენტრს აქვს საკუთარი ლოგო და დევიზი. ლოგოს ცენტრში მოცემულია შინდისფერ ფონზე მდებარე კოსმოსური აპარატის „ვოიაჯერ 2“ გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ორ კონცენტრულ წრეშია მოქცეული. აპარატიდან გამომავალი რადიოტალღები ორივე კონცენტრულ წრეს არღვევს. კოსმოსური აპარატები „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ 1977 წელს გაგზავნეს კოსმოსში. ისინი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტებია, რომლებმაც მზის სისტემის საზღვრები გადალახეს და ვარსკვლავთშორის სივრცეში მოხვდნენ. ორივე აპარატზე დამაგრებულია მოოქროვილი ფირფიტა (ე.წ. „ვოიაჯერის“ ოქროს ფირფიტა“), რომელზეც დატანილია ინფორმაცია დედამიწისა და მისი მაცხოვრებლების შესახებ (მათ შორისაა ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულო“ აუდიოჩანაწერი). ლოგოზე გამოსახულ ორ კონცენტრულ წრეს შორის ქართულად და ინგლისურად ჩაწერილია ცენტრის დევიზი „გადალახე საზღვრები!“, რომელიც გამოხატავს ცენტრის მისწრაფებას, გადალახოს დისციპლინარული საზღვრები და ინტერდისციპლინური კვლევა აწარმოოს. ცენტრის დევიზი, ასევე, სიმბოლურად ეხმიანება ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებას, რომელმაც თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, თუმცა თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ nullus sit patriae consulendi modus aut finis bonis („კარგი ადამიანების თავდადება სამშობლოს მიმართ უსაზღვროა.“ ფრაზა ნეტარი ავგუსტინეს წერილიდან ნექტარიუსისადმი (წერილი 91), რომელშიც ავგუსტინე მსჯელობს ციცერონის ნაშრომზე „რესპუბლიკის შესახებ“).