აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!
გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელი უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში!
წარმომადგენლობითი საბჭოს შესახებ:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული საკითხების კოლეგიური გადაწყვეტის გზით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვისა და საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით, რომელთაგან 5 წევრი საბჭოს შემადგენლობაში შედის თანამდებობრივად, ხოლო 6 წევრი არჩევნების გზით. საბჭოს შემადგენლობაში არჩეული წევრების სტატუსით შედიან უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. საბჭოს არჩეული წევრი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 3-3 წევრით, უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან თითო-თითო წევრი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის უფლების მქონე სტუდენტები:
წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტი წევრი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს ან/და თვითმმართველობის წევრი. სტუდენტი საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს სწავლების მეორე სემესტრიდან.
წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტი წევრის არჩევა:
წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტი წევრი აირჩევა შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ, რომელიც განიხილავს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველთა წარმოდგენილ დასაბუთებულ განცხადებებს. აფასებს კანდიდატების მოტივაციას და საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას. ასევე, უფლებამოსილია სურვილის შეთხვევაში გაესაუბროს კანდიდატებს.
ფაკულტეტის საბჭო სხდომაზე კენჭისყრის გზით იღებს გადაწყვეტილებას იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომლის მონაწილეობასაც წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მიიჩნევს პროდუქტიულად.
განცხადებების მიღების ვადები და წესი:
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველმა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა 2020 წლის 16 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადება (იხ. ფორმა) უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: law-social@eeu.edu.ge.