„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“, „ჯიპა“-ს და „კავკასიის უნივერსიტეტის“ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის შესაძლებლობა“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტები და განათლების სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალისტები. მონაწილეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამაზ მარსაგიშვილი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი.
კონფერენცია გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ.
კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, ირინე დარჩია, „ერაზმუს+“ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ლიკა ღლონტი, გრენობლის უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის პროფესორი, სებასტიან ჟოკაი, დასავლეთ ლონდონის ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა კოლეჯის განათლების მკვლევარი პროფესორი, კახაბერ ლაზარაშვილი. ასევე პროფესორები: შალვა მაჭავარიანი, ნათია ჭიღვარია, ეკატერინე ნაცვლიშვილი; მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე; სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი აკაკი მამალაძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ფართო სპექტრის დარგის სპეციალისტები და მკვლევარები.
კონფერენციის მიზანი გახლდათ – სამეცნიერო ნაშრომების ხარისხის ამაღლება და მათი რეალიზებით გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.
კონფერენიციაზე განხილულ იქნა საკითხები სადოქტორო ნაშრომების ხარისხის ამაღლების, მათი ბიზნესსა და წარმოებაში იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზებისა და ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ.