2015 წლის 25 მარტს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვახტანგ სართანია. პროფესრომა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემები XX-XXI საუკუნეებში“. პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის შემდეგ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საქმეში შეასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ, როდესაც 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლში საზეიმო ვითარებაში ჩაიბარა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების მტკიცებულების სიგელი. მომსხენებელმა ვრცლად გააშუქა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემები XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა, მიულოცა დღევანდელი დღე და მომავალი წარმატებები უსურვა პროფესორმა, ბატონმა ვახტანგ სართანიამ.