„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ განათლების მე-6 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ ორი დღის განმავლობაში გრძელდება და ის მიზნად ისახავს ერთ სივრცეში ხარისხიანი განათლების საერთაშორისო პროვაიდერების, საზღვარგარეთ სწავლის აგენტებისა და განათლების კონსულტანტების ეფექტურ კომუნიკაციას.
„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა. დამთვალიერებლებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე სხვა საინტერესო შეთავაზებების შესახებ, პრომო გოგონებმა დეტალური ინფორმაცია მიწოდეს. დაინტერესებული პირები უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სახალისო ვიქტორინებშიც ჩაერნენ. გამოფენის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც უნივერსიტეტისგან სოლიდური საჩუქრები გადაეცემათ.
დამთვალიერებლებს EEU-ს საგამოფენო სტენდთან მაიკლ ჯექსონისა და ჩარლი ჩაპლინის ფორმაში გამოწყობილი მსახიობები მასპინძლობდნენ და სამახსოვრო ფოტოებს საგანგებოდ მოწყობილ წითელ ხალიჩაზე იღებდნენ. „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონის შესასვლელში კი, ვიზიტორთა განწყობაზე „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მუსიკოსებმა იზრუნეს.
განათლების გამოფენა „ექსპო ჯორჯია“-ს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა და საქართველოს განათლების სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.