აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს აქვს აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით გასაჩივრების სისტემა. კერძოდ, ნებისმიერი დარღვევის ფაქტზე სტუდენტს შეუძლია, წარადგინოს წერილობითი განცხადება/საჩივარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აპელაციის ავტორმა დაასაბუთოს საკუთარი საჩივარი.
აპელაციის ავტორს უფლება აქვს, მიიღოს სრული ინფორმაცია წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, დაესწროს საკითხის განხილვას, ისარგებლოს დაცვის უფლებით, წარადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ასევე წარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ეთიკის კომიტეტი/აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმების კომისია/დისციპლინური კომისია) გაასაჩივროს წარმომადგენლობით/ფაკულტეტის საბჭოში.
,,გამოცდების ჩატარების წესით’’ დარეგულირებულია საგამოცდო ნაშრომის გასაჩივრების პროცედურები. სტუდენტი უფლებამოსილია, გაეცნოს შუალედურ/დასკვნით/დამატებით საგამოცდო ნაშრომს და საჭიროების შემთხვევაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება. საგამოცდო ნაშრომი აპელაციისთვის გადაეცემა პედაგოგს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ ეთანხმება აპელაციის შედეგს, ფაკულტეტის დეკანი ქმნის შესაბამის სააპელაციო კომისიას.
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (EEU-EL) მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაგზავნონ განაცხადი მიღებული შეფასების აპელაციის მიზნით; აპელაციის ვადები და სხვა პროცედურები დეტალურადაა წარმოდგენილი ,,გამოცდის ჩატარების წესში“.
სტუდენტს ასევე შეუძლია გაასაჩივროს დასკვნითი გამოცდის/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის დაცვის შედეგები. კერძოდ, სტუდენტს შეუძლია გაასაჩივროს ნაშრომის დაცვის საბოლოო შეფასება ან სამაგისტრო ნაშრომის დაცვის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურული ნორმები, თუ მიიჩნევს, რომ დარღვეულია. აპელაციის პროცედურებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხ. ,,დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებაში’’, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მინიმალური სტანდარტში, სტუდენტის გზამკვლევში).
,,პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილებისა და პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების წესით’’ განსაზღვრულია პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სტუდენტის მიერ გასაჩივრების (აპელაციის) პროცედურები (მუხლი 15)
დისციპლინურ წარმოებაზე ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, ოფიციალური გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს წარმომადგენლობით საბჭოში. დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით აპელაციის პროცედურები რეგულირდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ქცევის (ეთიკის) კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად