10 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; ქალთა მკვლელობა (ფემიციდი)“.
შეხვედრის მიზანი იყო არსებული საკანონმდებლო ასპექტებისა და პრაქტიკული საქმიანობის გამოწვევების განხილვა.
საჯარო ლექცია გამართეს საქართველოს პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა: მარიამ ბეგიაშვილმა, მიხეილ ქირიამ (ოჯახურ ძლადობაზე სპეციალიზირებული პროკურორი) და სტაჟიორ-პროკურორმა ბაადურ ნაჭყებიამ. აუდიტორიას შესავალი სიტყვით მიმართა დავით ხვედელიძემ – გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მადონა უთურგაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, რომლებიც გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება და დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;
- ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა;
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
საჯარო ლექცია სტუდენტებისა და პერსონალის აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.