აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და მისი პარტნიორი კლინიკის – კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე წლის 7 ნოემბერს EEU-ში სისხლის უანგარო დონაცია გაიმართა.
დონაციის მიზანი იყო სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის მარაგის შევსება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას. თითოეულმა ჩაბარებულმა სისხლმა შეიძლება გადაარჩინოს სამი ადამიანის სიცოცხლე.
დონაციის პროცესი აქტიური ჩართულობით წარიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე საერთაშორისო სტუდენტებმა, EEU-ს აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს გაესაუბრნენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვების საფუძველზე შეაფასეს მათი დონაციისთვის შესაბამისობა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს აქტივობებში ჩართულობას, რათა წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

























