მიმდინარე წლის 18-20 სექტემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში გაიმართა (EAIE Toulouse 2024).
EAIE კონფერენცია-გამოფენა სიდიდით პირველი საგანმანათლებლო ღონისძიებაა ევროპაში, რომელშიც მონაწილეობას უნივერსიტეტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იღებენ. ის საუკეთესო პლატფორმაა პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სახელით გამოფენაში მონაწილეობა ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ელენე ზურაბიშვილმა და განათლების დეპარტამენტის სტუდენტური სერვისების განყოფილების კოორდინატორმა რუსუდან ჩერქეზიშვილმა მიიღეს.
EEU-ს წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, უპირატესობები და შეთავაზებები. გამართეს შეხვედრები ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა უნივერსიტეტის პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები, დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობისა და ERASMUS+-ის ფარგლებში თანამშრომლობის გეგმები.
EAIE Toulouse 2024-ში მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის განვითარებისა და მისი სტუდენტებისა და პერსონალისთვის ახალ შესაძლებლობების შექმნის საწინდარია. ამასთანავე, იგი უზრუნველყოფს საქართველოს გამოჩენას საერთაშორისო განათლების ასპარეზზე და უმაღლესი განათლების სფეროში გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების მრავალ შესაძლებლობას უხსნის კარს.