2026 წლის 12-13 ოქტომბერს, თბილისში, კენ უოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KWIU) ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ-ის ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ECCES 2026 – Advancing Medical Education: Internationalization, Innovation, and Academic Success გაიმართა.
კონფერენცია მიეძღვნა სამედიცინო განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, მათ შორის ინტერნაციონალიზაციას, სწავლებისა და შეფასების ინოვაციურ მიდგომებს, სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, სტუდენტთა აკადემიურ წარმატებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო განათლების ექსპერტები, მკვლევრები, უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, მათ შორის WFME-ის არჩეული პრეზიდენტი პროფესორი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, AMEE-ს პრეზიდენტი პროფესორი იანუშ იანუკოვიჩი და AMSE-ს პრეზიდენტი, პროფესორი ჰარმ პიტერსი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომები, პანელური დისკუსიები, ვორკშოპები, მასტერკლასები და სამეცნიერო პოსტერების პრეზენტაციები.
აღნიშნულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასისტენტ-პროფესორმა ელენე ზურაბიშვილმა სამეცნიერო პოსტერით – „Redefining Academic Success in Medical Education: From Programme Completion to Professional Readiness“, რომელიც ეხებოდა სამედიცინო განათლებაში აკადემიური წარმატების კონცეფციის ხელახალ გააზრებას და ყურადღებას ამახვილებდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან პროფესიული საქმიანობისთვის მზადყოფნაზე გადასვლის მნიშვნელობაზე.






