აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და GIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც რექტორებმა – დავით ჩერქეზიშვილმა და მაკა იოსელიანმა მოაწერეს ხელი.
რექტორებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან უკვე არსებული თანამშრომლობის ოფიციალურ დონეზე გაფორმებას, რადგან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი უკვე აქტიურად თანამშრომლობენ, რისი დასტურიც არაერთი ერთობლივი კონფერენციისა და ღონისძიების ორგანიზება გახლავთ.
მემორანდუმის თანახმად, ორივე მხარე გეგმავს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას მრავალმხრივი აკადემიური მიმართულებით, რაც მოიცავს სწავლებას, კვლევას, დაგეგმილ ტრენინგებში აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობასა და ერთობლივად ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში ჩართვას. დავით ჩერქეზიშვილი და მაკა იოსელიანი იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება.