აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას კოიმბრას უნივერსიტეტში წარმოადგენდა რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეონა ხაჩიძე.
ვიზიტის ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კოიმბრას უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასა და აკადემიურ პერსონალთან. დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჟოაო ნუნოს (Doutor Joao Nuno), ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების, ეკონომიკის, მედიცინის, სამართლის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანებს და დეკანის მოადგილეებს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და მის წარმომადგენლებს.
მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტების პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობის დამყარების ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე, ასევე შეხვედრაზე დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობის სამომავლო გეგმები სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განვითარების მიმართულებით, მათ შორის განათლების, სამართლის, არქიტექტურის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიცინის სფეროებში.
EEU-ს დელეგაციამ ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი, ისტორიული შენობა-ნაგებობები (Pateo, Paco das Escolas), საუნივერსიტეტო კოშკი, უძველესი ბიბლიოთეკა (Baroque Library), წმინდა მიქაელის სამლოცველო, 8 ფაკულტეტის საუნივერსიტეტო კამპუსი, უძველესი საგამოცდო ოთახები და დიდი დარბაზები სადისერტაციო ნაშრომების საჯარო დაცვისთვის, საუნივერსიტეტო ისტორიული ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები. კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია) მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 1290 წელს და 2013 წელს იუნესკომ უნივერსიტეტი გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, ხოლო ქალაქი კოიმბრა ხშირად მოიხსენიება როგორც ,,სტუდენტების ქალაქი’’.
ვიზიტის ფარგლებში EEU-ს დელეგაციის წევრები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში Erasmus+ მობილობის ფარგლებში ერთი სემესტრით სწავლობენ კოიმბრას უნივერსიტეტში. პირადად გაეცნენ კოიმბრას უნივერსიტეტში სტუდენტების სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მათი აკადემიური თუ სოციალური ინტეგრაციის პროცესებს.
კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 23 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, EEU-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება მათთვის საინტერესო აკადემიურ და პროფესიულ მიმართულებებში. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს EEU-ს საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებას როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.