2025 წლის 5-10 მაისს, აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანიაში (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany), იმყოფებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია, ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით სიხარულიძე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ევა-მარია ბექ-მიუთთან, ვიცე-პრეზიდენტთან ივო შეფერთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.
შეხვედრებისას განხილულ იქნა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. კერძოდ, ,,საერთაშორისო მენეჯმენტის“ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის შემუშავების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის პროცესის დაწყების, გერმანული განათლების ცენტრის შექმნის, საზაფხულო სკოლების ორგანიზების შესაძლებლობები და ა.შ.
EEU-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს საჯარო ლექციები ადგილობრივი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თემებზე: ,,Challenges of Higher Education in Georgia“ და ,,Strategy choice and analysis of EEU“.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა ,,ქართული საღამო“, სადაც აშაფენბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება ფართოდ გასცნობოდნენ ქართული კულტურისა და სამზარეულოს უნიკალურობასა და ტრადიციებს.