2024 წლის 25 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სტუდენტების არქიტექტურული პროექტების გამოფენა და მოსწავლეებისთვის მათი შექმნის მასტერკლასები.
ღონისძიება გახსნა EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვასილ კიკუტაძემ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და გამოფენის ავტორებს წარმატება უსურვა.
ღონისძიების პირველ ეტაპზე გაიმართა სტუდენტების მიერ შესრულებული დოკუმენტური, გრაფიკული მასალის ჩვენება. ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, მარიამ ბერიკაშვილმა და გიორგი კარაპეტიანმა წარმოადგინეს საბაკალავრო ნამუშევრები, კერძოდ მარიამმა წარადგინა სოციალური საცხოვრისი ქ. მცხეთაში და გიორგიმ სოციალური საცხოვრისი სასტუმრო მაიამის კუნძულზე. მრავალფეროვანი ვიზუალიზაციისთვის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორმა – (IAA) და EEU-ს მოწვეულმა პროფესორმა, ბესო ტატიშვილმა წარადგინა მესტიის რეაბილიტაციის პროექტი. წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამსწრეთაგან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები, რომლებსაც სპიკერებმა დეტალურად უპასუხეს.
შეხვედრის მეორე ეტაპზე გაიმართა მოსწავლეების ჩართულობა “პირველ არაოფიციალურ ლექციაში“. EEU-ს სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები და გაუზიარეს სწავლის პროცესში მიღებული გამოცდილება, მათთან ერთად შექმნეს ჩანახატები, მაკეტები და სხვადასხვა არქიტექტურული ნახაზები.