2026 წლის 9 ივლისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე, რომელსაც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებისთვის ევროკავშირის უმსხვილესი კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრა გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. დავით ჩერქეზიშვილმა, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროკავშირის საგრანტო პროგრამებში აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას დეტალურად წარედგინა „ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამის სტრუქტურა და 2026 წლის სამუშაო პროგრამები, ასევე ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსების შესახებ.
სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კლასტერ 2 – „კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება“, რომლის კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ქალბატონმა თამარ ბერბერაშვილმა, I, III და IV კლასტერების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა.
ღონისძიების მეორე ნაწილში ქალბატონმა თეონა მაისურაძემ, მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ისაუბრა პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში არსებული მექანიზმების, საერთაშორისო მობილობისა და კვლევითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ქალბატონმა ანა გოლეთიანმა – ევროპული ინოვაციების საბჭოს, ევროპული ინოვაციების ეკოსისტემის, ინოვაციების, ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტისა და NEB4All ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, შეაჯამა 2026 წლის გამოწვევები და დაფინანსების შესაძლებლობები.
შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების ინსტრუმენტების შესახებ, გაცნობოდნენ საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების გზებს და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადების მოსამზადებლად.
ღონისძიება კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპიკერებისგან მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაცია.

























