მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით EEU განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის განხორციელდა უნივერსიტეტის ავტორიზაციის იმიტირებული პროცესი.
აქტივობა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და ასევე, განათლების ხარისხის მართვისა და კურიკულუმის განვითარების სასწავლო კურსების ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
იმიტირებულ პროცესს ხელმძღვანელობდა ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი;
ღონისძიების წინ გაიმართა ავტორიზაციის იმიტირებული პროცესისთვის წინამოსამზადებელი შეხვედრები, სადაც სამიზნე აუდიტორია გაეცნო აქტივობის განხორციელების ინსტრუქციას. მათ, აგრეთვე, მოირგეს სხვადასხვა როლები: ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლის, სტუდენტის, კურსდამთავრებულის, დამსაქმებლისა და პროფესორ-მასწავლებლების როლები;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების პროცესი წარიმართა იმიტირებულ გარემოში: პირველ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა დაწესებულების დოკუმენტაცია და თვითშეფასება, დაწესებულებაში განახორციელა იმიტირებული ვიზიტი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპერტებმა შეიმუშავეს დასკვნა და წარუდგინეს დაწესებულების წარმომადგენლებს არგუმენტირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ხოლო ღონისძიების ბოლოს, გაიმართა უსდ-ს ავტორიზაციის იმიტირებული საბჭოს სხდომა.
ავტორიზაციის იმიტირებული პროცესის ყველა მონაწილეს გადაეცა იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის სერტიფიკატები.