აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური კლუბის “Neurozeal”-ისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2025 წლის 25 დეკემბერს საგანმანათლებლო-პრაქტიკული ვორქშოპი „ცხოვრება ინსულტთან ერთად“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ინსულტის შესახებ კლინიკური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება — დაავადების კლინიკური გამოვლინებიდან და გადაუდებელი მართვიდან დაწყებული, აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსულტის შემდეგ განვითარებულ ფიზიკურ, კოგნიტიურ და ფსიქოსოციალურ შეზღუდვებს და მათ გავლენას პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, დამოუკიდებლობასა და სოციალურ ჩართულობაზე.
ღონისძიების მთავარმა მომხსენებელმა გოჩა მთვარელიშვილმა (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი) აუდიტორიას ინსულტის დიაგნოსტიკაში ტვინის გამოსახულებითი კვლევების (CT/MRI) გამოყენებასა და სხვადასხვა ტიპის ინსულტის ამოცნობის თავისებურებებზე ესაუბრა და ინსულტის შემდგომ პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვის NIH Stroke Scale-ის გამოყენებით პრატიკული სიმულაცია ჩაუტარა.
სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ ვორქშოპში, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ სიმულაციურ პაციენტებზე პრაქტიკულად შეეფასებინათ ინსულტის შემდგომი ნევროლოგიური სტატუსი NIH Stroke Scale-ის გამოყენებით. სესიას თან ახლდა ინსულტგადატანილი რეალური პაციენტების მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ასევე ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა სტუდენტთა აქტიურ ჩართულობასა და ცოდნის გაზიარების წახალისებას.
ღონისძიების ბოლოს საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ვორქშოპში მონაწილეებს და მომხსენებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.



































































































