მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ISPC 2023-ის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (თბილისი, საქართველო) უმასპინძლა ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია) დირექტორს პროფესორ რიჩარდ გეიბელს.
შეხვედრა გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში – პროფ. შალვა მაჭავარიანმა და საკუთარი მიმართვა წაიკითხა პროფესორმა რიჩარდ გეიბელმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ ლაზარაშვილმა; ღონისძიებას ასევე ესწრებოდნან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე განიხილეს ციფრული მენეჯმენტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელების პროცედურები და განვითარების გზები. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა აშშ-ის ადელფის უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები, რისთვისაც ონლაინ რეჟიმში ჩაერთო ადელფის უნივერსიტეტის დეკანი პროფ. დოქტ. მერიენ ჰაილენდი.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა გერმანიის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. რიჩარდ გეიბელის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ,,საპატიო პროფესორის“ წოდების მინიჭების ცერემონიალი.