ღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, „საპარტნიორო ფონდსა“ და მის შვილობილ კომპანიებში სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სხვადასხვა პოზიციებზე გაივლიან სტაჟირებას, პრაქტიკას და აქტიურად ჩაერთვებიან ფონდის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, გარდა ამისა, ფონდი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო და კვლევითი პროექტების მხარდაჭერის საკითხებში, როგორიცაა სტარ-ტაპები, პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული კვლევები და ა.შ.
სტუდენტების შერჩევა და მათი სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე პროექტებში არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.
„საპარტნიორო ფონდისთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საშუალება მოგვეცემა სტუდენტებს დავეხმაროთ თეორიული განათლების პრაქტიკით გაღრმავებაში. ეს არის გზა პერსპექტიული ახალგაზრდების შრომის ბაზრისთვის უკეთ მოსამზადებლად და კვალიფიციური კადრების გასაზრდელად,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.