მიმდინარე წლის 7-8 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს 30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობა და უნივერსიტეტების ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანება.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია, მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელმაც განიხილა საკითხები უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიურობის, საქართველოს კანონმდებლობაში აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ. ამასთან ერთად, EEU-ს რექტორმა, დააანონსა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“, რომელიც EEU-სა და TSU-ს ორგანიზებით ჩატარდება 2021 წლის 29-30 ოქტომბერს, სადაც მთავარ მომხსენებლებად (KeyNote Speakers) მოწვეულნი არიან ემერიტუსი პროფესორი რონალდ ბარნეტი (UCL, London) და პროფესორი პიტერ მაასენი (University of Oslo); დავით ჩერქეზიშვილმა მუდმივმოქმედი კონფერენციის მონაწილეებს გააცნო დაანონსებული კონფერენციის მიზნები, მნიშვნელობა, კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და ახლად შექმნილი კონფერენციის ვებგვერდი (https://conference.edu.ge/);
მუდმივმოქმედი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს თამარ მახარაშვილმა (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი), მერაბ ხალვაშმა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი); წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები Erasmus+ მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტების შესახებ: „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ და ,,ინსტიტუციური განვითარების პროექტები HERD”; აღნიშნული პრეზენტაციები წარმოადგინეს ნინო ოკრიბელაშვილმა (რექტორის მოადგილე, თსუ) და (ირმა გრძელიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თსუ); დისკუსიაში მონაწილეობა მიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, სადაც ასევე განხილულ იქნა საკითხები უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფის შესახებ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ა.შ.
აღსანიშნავია, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.
რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.