საქართველო პოსტკოლონიური ქვეყანაა. რუსეთის იმპერიის 117 წლიანი მმართველობა სწრაფად ჩანაცვლდა ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმით, რომელმაც შვიდი ათეული წელი იარსება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელმა საქართველომ გლობალურ, ახალი და რთული გამოწვევებით აღსავსე სამყაროში შეაბიჯა. განვითარების ამ პროცესს აუცილებლობით თან სდევს ძველი – კოლონიური და საბჭოთა პერიოდის – იდეებისა და დისკურსების რეინტერპრეტაცია ახალი, პოსტსაბჭოთა/პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების წიაღში. ამავე დროს, მთელი რიგი ძალაუფლებრივი დისკურსები, რომლებიც ჯერ კიდევ კოლონიურ პერიოდში არიან ჩამოყალიბებული, შეცვლილი სახით ისევ აგრძელებენ არსებობას და ასიმეტრიული ძალაუფლებრივი მიმართებების განმტკიცებას უწყობენ ხელს (როგორც საერთაშორისო, ასევე, ინტერკულტურულ დონეზე). კვლევის მიზანია, ინტერდისციპლინურ ჭრილში შეისწავლოს და გააანალიზოს კოლონიური, ტოტალიტარული და პოსტკოლონიური/პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოებების დისკურსები, სოციალური პრაქტიკები და ინტელექტუალური მემკვიდრეობა.