აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ციურიხის კანტონის პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამსახურების (BVD) სასწავლო პროგრამების დეპარტამენტთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგ-კურსების კვირეული განხორციელდა.
ღონისძიება ჩაატარა ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ (PFRS) და „გლობალური კავშირები საქართველომ“ (GGC).
სასწავლო პროგრამის მიზანი საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება იყო. მის მიზანს ასევე წარმოადგენდა ეფექტური წვლილის შეტანა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის რეციდივის შემცირებაში, შეძლებისდაგვარად, ადრეული და ყოველდღიურობასთან მიახლოებული ინტერვენციით.
კვირეულის მიმდინარეობისას შვეიცარიულ-ქართული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პრევენციის ტრენინგები (LPDD) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.
ტრენინგები ჩაატარეს ფსიქოლოგებმა: რუსუდან სამხარაძემ, ელენე დევდარიანმა, თეონა გუბიანურმა და გრიგოლ გელდიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში მსმენელები გაეცნენ:
- საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შესახებ მიმოხილვას;
- ალკოჰოლის სხეულში კონცენტრაციას;
- რეციდივის რისკსა და შედეგებს.
პროგრამაში მონაწილე პირებს გადაეცათ სერტიფიკატები და ბეჭდური სახით სასწავლო მასალა.