აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ღია კარის დღეების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ Shadowing პროგრამაში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, EEU-ს სტუდენტებთან ერთად დასწრებოდნენ ლექციებს და მონაწილეობა მიეღოთ საუნივერსიტეტო აქტივობებში.
Shadowing-ის პროცესში მოსწავლეები შეუერთდნენ EEU-ს პროფესორისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ვასილ კიკუტაძის სასწავლო კურსს – „ეკონომიკის პრინციპები“, ასევე პროფესორ ნათია დაღელიშვილის სასწავლო კურსს – „მარკეტინგული კვლევა“.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები აკვირდებოდნენ საუნივერსიტეტო გარემოსა და სასწავლო პროცესს. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ლექტორებისა და სტუდენტების ინტერაქციის ფორმების გაცნობა, მათ შორის კითხვა-პასუხის სესიები, დისკუსიები და სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობები.
აღნიშნული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება, რეალისტური წარმოდგენა შეიქმნან საუნივერსიტეტო სწავლების სპეციფიკაზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მათი სამომავლო პროფესიული ინტერესებისა და აკადემიური მოტივაციის გასაძლიერებლად.










