მიდლსექსის უნივერსიტეტისა (დიდი ბრიტანეთი) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის თანამშრომლობით სკოლამდელი განათლების შესახებ სამი თვის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე ტრენინგ-კურსი წარმატებით დასრულდა.
ტრენინგ-პროგრამა შემუშავდა და მას ხელმძღვანელობდა მიდლსექსის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნიკი სპაულსი (Nicky Spawls). კურსი განახორციელა ამავე უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დარგის პროფესორმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანჯელა სქოლანმა (Angela Scollan). სწავლების პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ მიდლექსის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც: ლორდს კერი (Lourdes Kerr), ლინეტ მორისი (Lynette Morris) და სხვები.
ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. აუდიტორიას მიესალმა EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.
ტრენინგში მონაწილეობდა 25-ზე მეტი მსმენელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოდან, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სკოლამდელი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან;
ღონისძიება დასრულდა რეფლექსიური დისკუსიით. მსმენელებისთვის საინტერესო კითხვებს ანჯელა სქოლანმა დეტალურად უპასუხა.
ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცათ მიდლსექსის უნივერსიტეტის სერტიფიკატები. სპეციალურად მათთვის შექმნილი ინდივიდუალური ელექტრონული გვერდის საშუალებით კი აქვთ წვდომა მიდლსექსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და საგანმანათლებლო რესურსებზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მიდლექსის უნივერსიტეტთან პარტნიორობით კვლავაც გეგმავს სკოლამდელი განათლების მიმართულებით ახალი ტრენინგ-კურსების შეთავაზებას მსმენელთათვის.