აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და იაგელონის უნივერსიტეტს (კრაკოვი, პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფ. კახაბერ ლაზარაშვილმა და იაგელონის უნივერსიტეტის საერთაშორისო და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. პაველ ლაიდლერმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხელშეწყობას. კერძოდ, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო და სასწავლო რესურსების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
იაგელონის უნივერსიტეტი არის უძველესი უმაღლესი სასწავლებელი პოლონეთში და ერთ-ერთი უძველესი ევროპაში. იგი დაარსდა 1364 წლის 12 მაისს პოლონეთის მეფე კაზიმირ დიდის მიერ. დღეს იაგელონის უნივერსიტეტი მოიცავს 16 ფაკულტეტს, დაახლოებით 4 000 აკადემიური პერსონალითა და 40 ათასი სტუდენტით.
დამატებითი ინფორმაცია იაგელონის უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://en.uj.edu.pl/