მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორის – საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, თემაზე: „ჰიბრიდული ომის საფრთხეები და საპასუხო მოქმედებები“.
ლექცია წაიკითხა Kings College-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერ ფრიდმანმა. მან ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა. ასევე, დეტალურად იქნა განხილული რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. შეხვედრას ევროკავშირის გუნდის ხელმძღვანელმა, იოჰან ჰომესმა გაუწია მოდერაცია. ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში მომავალში სტუდენტებს ბევრ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას შესთავაზებს.