აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით 8-12 მაისს უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თავაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აარჰუსის უნივერსიტეტის (დანია) განათლების სკოლაში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი განათლების მომავლის კვლევების ცენტრთან (ხელმძღვანელი, პროფ. სიორენ ბენგტსენი) თანამშრომლობით ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვა და მიმდინარე ერთობლივ პროექტზე, სამეცნიერო კრებული „ადგილებით აღსავსე უნივერსიტეტი“, მუშაობა.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში პროფ. თავაძე შეხვდა დანიელ კოლეგებს და მონაწილეობა მიიღო 12 მაისს გამართულ აკადემიური ხელმძღვანელობისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმში. სიმპოზიუმის ფარგლებში მან ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტზე „ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა“, რომელიც ფორმალური და არაფორმალური სასწავლო გარემოს სინთეზირებას ისახავს მიზნად და პროფესორი მენტორად გვევლინება.
უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი გეგმავს აარჰუსის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მომავლის კვლევების ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი სემინარების, ვორკშოპებისა და კონფერენციების ორგანიზების გზით.