მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობდა ქართულ-გერმანულ საერთაშორისო სამაგისტრო სკოლას: „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.“
საერთაშორისო სამაგისტრო სკოლა მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდებში. სამაგისტრო სკოლის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა Blue Ocean Strategy. აღნიშნულ მეთოდზე დაყრდნობით, სამაგისტრო სკოლის განმავლობაში მოხდა სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მიდგომების შესწავლა.
სამაგისტრო სკოლის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს გერმანიიდან სტუმრობდნენ აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
გერმანელ პროფესორებთან ერთად სტუდენტებს მენტორობას უწევდნენ ქართველი პროფესორები. სამაგისტრო სკოლის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს როგორც აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა.
სამაგისტრო სკოლის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებმა მოინახულეს ქართული საწარმოები: „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ და „მეღვინეობა თეზი.“ მასპინძელმა კომპანიებმა მონაწილეებს გააცნეს მათი სამუშაო პროცესები, როგორიცაა პროდუქტის წარმოება და შენახვა, ექსპორტი, ურთიერთობა ინვესტორებთან და სტრატეგიული მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებები.
სამაგისტრო სკოლა დასრულდა სტუდენტების პრეზენტაციებით, რომლებიც ეხებოდა მასპინძელი კომპანიების სტრატეგიული განვითარების მიდგომებს. პრეზენტაციების ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და მეთოდები კომპანიების განვითარებასთან მიმართებით. დახურვის ცერემონიალს მონაწილეებთან, პროფესორებთან და პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ „მეღვინეობა თეზი“-ს და „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“- ს დამფუძნებლები, რომლებმაც სტუდენტებთან ერთად განიხილეს კომპანიების ზრდის და განვითარების სტრატეგიები.
სამაგისტრო სკოლა სასწავლო კომპონენტის გარდა მოიცავდა კულტურულ პროგრამას. ჩამოსულმა სტუმრებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და მონაწილე სტუდენტებთან ერთად მოინახულეს როგორც დედაქალაქის, ასევე კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამაგისტრო სკოლის საზეიმოდ დახურვის ცერემონიალზე, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
სამაგისტრო სკოლის ფოტოები იხილეთ შემდეგ ლინკზე














































