საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა (European Youth Card), რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს სპეციალურ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის 40 ქვეყანაში.
ევროპული ახალგაზრდული ბარათი წარმოადგენს ევროპულ ინიციატივას, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია ევროპის მასშტაბით მილიონობით ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების, კულტურის, მოგზაურობისა და სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს.
პროგრამას საქართველოში თბილისის მერია ახორციელებს, როგორც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრი. თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ბარათი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობაილბანკში.
დღეისათვის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 25,000-ზე მეტი საერთაშორისო შეთავაზებით ევროპის მასშტაბით, ხოლო ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომლებიც 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სპეციალურ პირობებს ქმნიან კერძო კომპანიები, მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტრო.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.


