მიმდინარე წლის 4 ივლისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის განხორციელდა უნივერსიტეტის ავტორიზაციის იმიტირებული პროცესი. აქტივობა განხორციელდა სასწავლო კურსის „განათლების ხარისხის მართვა“ ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი და EEU-ს ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი.
აქტივობა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერებას ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და ასევე, განათლების ხარისხის მართვის სასწავლო კურსების ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ღონისძიების წინ გაიმართა ავტორიზაციის იმიტირებული პროცესისთვის წინამოსამზადებელი შეხვედრები, სადაც სამიზნე აუდიტორია გაეცნო აქტივობის განხორციელების ინსტრუქციას. მათ, აგრეთვე, მოირგეს სხვადასხვა როლები: ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლის, სტუდენტის, კურსდამთავრებულის, დამსაქმებლისა და პროფესორ-მასწავლებლების როლები;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების პროცესი წარიმართა იმიტირებულ გარემოში: პირველ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა დაწესებულების დოკუმენტაცია და თვითშეფასება, დაწესებულებაში განახორციელა იმიტირებული ვიზიტი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპერტებმა შეიმუშავეს დასკვნა და წარუდგინეს დაწესებულების წარმომადგენლებს არგუმენტირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ხოლო ღონისძიების ბოლოს, გაიმართა უსდ-ს ავტორიზაციის იმიტირებული საბჭოს სხდომა.
ავტორიზაციის იმიტირებული პროცესის ყველა მონაწილეს გადაეცა იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის სერტიფიკატები.




































