აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიბლიოთეკისა და უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების შესახებ ტრენინგების სერია გაიმართა.
ტრენინგების მიზანი იყო სტუდენტებისთვის EEU-ს საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობებისა და შესაბამისი მხარდამჭერი სერვისების გაცნობა, რაც მათ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია EEU-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების, ელექტრონულ კატალოგში წიგნების მოძიების მექანიზმებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ.
პირისპირ ფორმატში გამართული ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის ციფრული და ბეჭდური წიგნადი ფონდი, პრაქტიკულად შეისწავლეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან წვდომის შესაძლებლობები და გაეცნენ MyLOFT-ის დისტანციური წვდომის პლატფორმის გამოყენების პრინციპებს.
ტრენინგებს უძღვებოდნენ:
- გვანცა კობახიძე – EEU ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
- მარიკა ჟორჟოლიანი – „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-ის (EIFL) ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში.
ტრენინგების სერია გაიმართა ორ ფორმატში: 19 ოქტომბერს, პირისპირ, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ხოლო 26 ოქტომბერს, ონლაინ, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების შესახებ მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტიანად გამოიყენონ უნივერსიტეტისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის საგანმანათლებლო რესურსები.












