2026 წლის 8 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სასწავლო კურსის „არქიტექტურული პროექტი 3 (სამრეწველო შენობა-ნაგებობები)“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ,,ჭანდარის“ ღვინის ქარხანაში, გასვლითი სასწავლო-პრაქტიკული ლექცია ჩატარდა.
ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში განმტკიცება, სამრეწველო არქიტექტურის სპეციფიკის გაცნობა და პროფესიული კომპეტენციების განვითარება. საწარმოს დათვალიერებისას სტუდენტები გაეცნენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს, საწარმოო სივრცეების ფუნქციურ ზონირებას, შენობა-ნაგებობების ურთიერთგანლაგებისა და არქიტექტურული დაგეგმარების პრინციპებს. დარგის სპეციალისტებთან ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაეანალიზებინათ ტექნოლოგიური მოთხოვნებისა და არქიტექტურული გადაწყვეტების ურთიერთკავშირი.
ლექციას უძღვებოდნენ პროფესორი ბელა თინიკაშვილი, ასოცირებული პროფესორი პაპუნა სახამბერიძე და მოწვეული პროფესორი ლეილა ქრისტესიაშვილი.
გასვლითმა სასწავლო-პრაქტიკულმა აქტივობამ ხელი შეუწყო სტუდენტების პროფესიული ხედვის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და მიღებული ცოდნის ინტეგრირებას არქიტექტურულ პროექტებში.














