2015 წლის 25 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც კიდევ ერთი უნივერსიტეტი შეუერთდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ წამოწყებულ ინიციატივას.
იურიდიული პროფესიის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდისა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა საქართველოს 14 წამყვან უნივერსიტეტთან.
მემორანდუმის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრნონ პერიოდულ, უფასო საჯარო ლექციებს, სადაც სწავლა ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობებზე. გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხოლო ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის პედაგოგები-მოქმედი მოსამართლეები.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას, მოინახულეს იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და სკოლის ბიბლიოთეკა.